ჩემი ბავშვობა
დავიბადე თბილისში, ნაძალადევში. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაც
იქ გავატარე.
ვსწავლობდი მე-12 საშუალო სკოლაში, რომელიც დღემდე ძალიან
მიყვარს და მოწესრიგებული სკოლის ეტალონად მიმაჩნია. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ნამდვილად
არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ ჩემს ბავშვობაში მართალაც სანიმუშო წესრიგი იყო დამყარებული.
მახსოვს, დერეფანში მასწავლებელი რომ გამოივლიდა, მოკრძალების ნიშნად კედლებს ავეკრებოდით.
შეიძლება მაშინ მართლაც სხვა დრო იყო, ჩვენც სხვანაირად ვიზრდებოდით, მაგრამ ხშირად
მინატრია, ნეტა ჩვენი შვილებიც ისეთ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში სწავლობდნენ, როგორშიც ჩვენ ვიზრდებოდით-მეთქი.
მარტო დისციპლინა კი არა, სწავლის ხარისხიც უკეთესო იყო. ჩემს დროს სკოლაში ათი წელი ვსწავლობდით,
მაგრამ გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თაობა ბევრად მეტ ცოდნას იძენდა, ვიდრე ახლა თორმეტი წლის
განმავლობაში. მახსოვს, კლასში 30 მოსწავლე
ვიყავით. აქედან 4-5 თუ იქნებოდა ისეთი, რომელსაც
სწავლა ეზარებოდა, დანარჩენები კი მართლაც ვინდომებდით.ახლა კი, კლასში რომ შეხვალ,
4-5 მოსწავლე თუ ცდილობს ცოდნის შეძენას, დანარჩენები კი კაცმა არ იცის, რისთვის დადიან, რისთვის კარგავენ
დროს.
მახსოვს, საზაფხულო არდადეგებს ყოველთვის სოფელში ვატარებდი.
ჩემი სოფელი ჯავახეთშია, მას გოგაშენი ჰქვია და ვარძიას გადაჰყურებს. ალბათ, ამქვეყნად
არც ერთი კუთხე არ მიყვარს ისე, როგორც იქაურობა. ამ სოფელთან არის დაკავშირებული ჩემი
ბავშვობის ბედნიერი დღეები. დღემდე მახსოვს, როგორ დავდიოდით ვარძიაში, როგორ დავძვრებოდით გვირაბებში, ვათვალიერებდით
და ვაკვირდებოდით თითოეულ გამოქვაბულს, კლდის თითოეულ ნაპრალს.
განსაკუთრებით მახსენდება, რამდენ წიგნს ვკითხულობდით
არდადეგებზე. დღემდე მახსოვს ის წიგნები, რომელიც იქ მაქვს წაკითხული. არდადეგების
დადგომა ხომ იმისთვის უფრო გვიხაროდა, რომ
ბევრ წიგნს წავიკითხავდით. თუმცა კითხვას სწავლის დროსაც ვახერხებდით. მახსოვს, როგორ
ვუცვლიდით მე და ჩემი კლასელები ერთმანეთს საყვარელი მწერლების წიგნებს. ყოფილა შემთხვევა,
რომ ერთ წიგნს ერთდროულად რამდენიმე ბავშვიც კი ვკითხულობდით და მოუთმენლად ველოდით
ჩვენი რიგის დადგომას.
რა გულდასაწყვეტია, რომ დღევანდელი ბავშვების უმეტესი
ნაწილისათვის ეს გრძნობა უცხოა და ჩემი თაობის
ადამიანების ამგვარი ნაამბობი მათ მხოლოდ ღიმილს
ჰგვრის.
No comments:
Post a Comment